თეგი: ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენი უცვლელად დატოვა

სააპელაციო სასამართლომ,  საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო.  თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს. ადვოკატები გამამართლებენ განაჩენს, პროკურატურა კი კვალიფიკაციის შეცვლას და სამივე პირის ე.წ. ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნობას ითხოვდა. შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა. ამავე თემაზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ცნობილია ბადრი ჯაფარიძე: არანაირი დანაშაული არ მომხდარა, სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ    

სააპელაციო სასამართლო ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის სააპელაციო სასამართლო ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის შესახებ განცხადებას ავრცელებს.  სააპელაციო სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენი უცვლელად დატოვა „2023 წლის 26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმე მ. ხ-ს, ბ. ჯ-სა და ა.წ-ს მიმართ. საქართველოს გენერალური პროკურატურის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს პროკურორების - არჩილ ტყეშელაშვილის, სალომე ჩიქობავას და გიორგი მიქავას, ასევე მსჯავრდებულ ა. წ-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - კახაბერ წერეთლის, მსჯავრდებულების - მ.ხ-ს, ბ. ჯ-ს და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ზვიად კორძაძის, ეკატერინე ეგუტიას და მამუკა ჭაბაშვილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენი და მსჯავრდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარება) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით და თაღლითობაში დახმარება). სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნო სს „თიბისი ბანკის“ კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო გაათავისუფლა დანიშნული სასჯელის მოხდისგან", - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.